ზაალ უდუმაშვილი - სააკაშვილი სასამართლოში იმიტომ არ მოდის, რომ მიმართოს პროკურორებს ან მოსამართლეს, მოდის, რათა ისაუბროს კონკრეტულ საქმეზე, მთლიანად გააქარწყლოს პროკურატურის ნარატივი
ზაალ უდუმაშვილი - სააკაშვილი სასამართლოში იმიტომ არ მოდის, რომ მიმართოს პროკურორებს ან მოსამართლეს, მოდის, რათა ისაუბროს კონკრეტულ საქმეზე, მთლიანად გააქარწყლოს პროკურატურის ნარატივი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილს საინტერესო გამოსვლა ექნება და ბევრ რამეს მოეფინება ნათელი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალს სდებენ აბსურდულ თანხების ფლანგვაში.

„სამართლებრივად არანაირი მოლოდინი არ გვაქვს ამ სასამართლო პროცესისაგან, თუმცა ამას სხვა დატვირთვა აქვს, მიხეილ სააკაშვილს დღეს საშუალება მიეცემა, რომ პირადად მიმართოს საზოგადოებას. მიხეილ სააკაშვილი აქ იმიტომ არ მოდის, რომ მიმართოს ამ პროკურორებს ან მოსამართლეს, მიხეილ სააკაშვილი მოდის სასამართლო პროცესზე, რომ ისაუბროს იმ კონკრეტულ საქმეზე, მათ შორის, რომელსაც საზოგადოება იცნობს ე.წ. პიჯაკების საქმით. მიხეილ სააკაშვილი მოდის, რათა მთლიანად გააქარწყლოს ის ნარატივი, რომელიც აქვს პროკურატურას და რომელსაც აწვდის მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებას. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა ექნება მიხეილ სააკააშვილს და ბევრ რამეს მოეფინება ნათელი, როდესაც ადამიანი, რომელსაც ბრალს სდებენ რაღაც აბსურდულ თანხების ფლანგვაში, პირდად ისაუბრებს ყველაფერზე. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა იქნება“, –  აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომას დაესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.