ზაალ უდუმაშვილი - როდესაც უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში და ეს საერთოდ არ არის საგანგაშო
ზაალ უდუმაშვილი - როდესაც უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში და ეს საერთოდ არ არის საგანგაშო

ველოდებით მეხუთე რაუნდის დანიშვნას და როგორც კი დაინიშნება, მზად ვართ მივიდეთ, მიუხედავად იმ განცხადებებისა და იმ ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

ფასილიტატორებთან შეხვედრას განაგრძობს პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ვინაიდან ახალი თავმჯდომარე არ არის არჩეული, ამ უფლებამოსილებით სარგებლობს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი მდივანი, ნიკა მელია და კობა ნაყოფია.

ველოდებით მეხუთე რაუნდის დანიშვნას და როგორც კი დაინიშნება, მზად ვართ მივიდეთ, მიუხედავად იმ განცხადებებისა და იმ ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ქმნის უმძიმეს ფონს ამ მოლაპარაკებებზე, თუმცა მივალთ ამ მოლაპარაკებებზე, რადგან ახლა ამ მოლაპარაკებებზე ერთადერთი რამისთვის მივდივართ, უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია ახლა ხელისუფლებაზე. ის განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში გაკეთდა და ინიცირება გაკეთდა კანონპროექტების, იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება თავად ხურავს ფანჯარას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა მოლაპარაკებების. თუმცა დაველოდოთ ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებას.  თუ ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რა წინადადებით მოვა ხელისუფლება“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, მათი სტრატეგია და გეგმა უკავშირდება ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას. მისივე განცხადებით, ბუნებრივია, რომ პარლამენტში არშესვლის პირობებში, პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს.

„როდესაც ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, მთლიანად პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში და ეს საერთოდ არ არის საგანგაშო, რადგან ქუჩა არის მნიშვნელოვანი შემადგენელი  პოლიტიკური პროცესების და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე პარლამენტის ტრიბუნა.

ჩვენ პარტიებთან, როგორც დღემდე, ასევე მომავალში, აუცილებლად შევძლებთ შეთანხმებას, რომელიც დღეს შეიძლება იყოს სადავო. ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ერთხმად და ყველა პარტიის ჩართულობით. როცა ეს თემა გახდება განსახილველი, აუცილებლად გავიგებთ გადაწყვეტილებას, რომელშიც ყველა პარტია იქნება ჩართული“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.