ზაალ უდუმაშვილი - როდესაც პოლიტიკოსების ნაწილი დაკავებულია, ნაწილი სამაჯურით შინ ზის, ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამოვრიცხავ
ზაალ უდუმაშვილი - როდესაც პოლიტიკოსების ნაწილი დაკავებულია, ნაწილი სამაჯურით შინ ზის, ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამოვრიცხავ

ამ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკოსების ნაწილი დაკავებულია, ნაწილი სამაჯურით სახლში ზის, ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამოვრიცხავ, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ნიკა გვარამია არის ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.

„ნიკა გვარამია არ იყო მხოლოდ ტელევიზიის გენერალური დირექტორი. ის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იყო ძალიან აქტიური ფიგურა. არ გამოვრიცხავ მის დაკავებას იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკოსების ნაწილი დაკავებულია, ნაწილი სამაჯურით შინ ზის. დაკავებულია ის ხალხი, ვინც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა იმ ღამეს და ამ ფონზე ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

„რუსთავის 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმის სახით დაიკითხება.