ზაალ უდუმაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რაც უნდოდა, ოპოზიცია შევიდა პარლამენტში, მეორე მხრივ, მაქსიმალურად შეეცდებიან, ამნისტიაზე მათი კანონპროექტი გავიდეს
ზაალ უდუმაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რაც უნდოდა, ოპოზიცია შევიდა პარლამენტში, მეორე მხრივ, მაქსიმალურად შეეცდებიან, ამნისტიაზე მათი კანონპროექტი გავიდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, ამნისტიის კანონპროექტის თავიანთი ინიციატივა დაამტკიცონ, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას დაიკავებს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიცია.

„ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ სწორედ ამ მიმართულებით წაიყვანდა ის ამნისტიის კანონპროექტს. საბოლოო ჯამში, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში წარდგენილი ეს უმძიმესი ინიციატივა იყოს დამტკიცებული, რაც პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ, ჩანაწერის მიხედვით, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მივცეთ მას, მელია რჩება ციხეში და ყველა დანარჩენი, მათ შორის ისინი, ვინც დანაშაულს ჩადიოდნენ 19-21 ივნისის დღეებში, ყველა გათავისუფლდნენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

ეს არის მზაკვრული ჩანაფიქრი, რომელიც ჩადებულია ამ ინიციატივაში. ბუნებრივია, ახლა ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, ეს ინიციატივა ბოლომდე გაიტანონ მიუხედავად იმისა, რა პოზიციას დაიკავებს ახლა შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება გირაოს საკითხს, ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ ხელში, ბუნებრივია,მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს ნიკა მელიას გათავისუფლება გირაოთი ან მისი დატოვება საპატიმროში. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, რა მიმართულებაც აქვს აღებული „ქართულ ოცნებას“, მათი მთავარი ამოცანააა, რომ ნიკა მელია მაქსიმალურად დიდ ხანს იყოს საპატიმროში, ვიდრე არ იქნება მიღებული ეს მახინჯი კანონი, რომელიც აქვთ დარეგისტრირებული. ბუნებრივია, ნიკა მელიას თავისუფლებაზე ყოფნა მათთვის სერიოზული თავის ტკივილია. ამიტომ შეეცდებიან, რომ მისი პატიმრობის პერიოდი დიდ ხანს გაგრძელდეს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება დამოკიდებულია შეთანხმებაზე ხელმომწერ ოპოზიციაზე, თუმცა თავად ფიქრობს, რომ პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდება.

„ჩვენ ვერანაირ პოზიციას ვერ შევაჯერებთ, ეს არის დამოკიდებული იმ ოპოზიციაზე, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას, მაგრამ მე ნაკლებად წარმომიდგენია, რომ რაიმე სახის პოზიციების დაახლოება მოხდეს, რადგან ის ორი ინიციატივა, რომელიც არის დარეგისტრირებული, ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან.  „ქართული ოცნების“ რიტორიკას თუ დავუგდებთ ყურს, ისინი არ აპირებენ შეთანხმებაზე წასვლას. მათ მიიღეს რაც უნდოდათ, მიიღეს ის, რომ ოპოზიცია ერთი მხრივ შევიდა პარლამენტში და ამ პარლამენტს დაერქვა მრავალპარტიული, მეორე, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან ის ამნისტიის კანონი გავიდეს, რომელიც მათ მიერ არის ინიცირებული და რომელიც პრაქტიკულად ხურავს 20 ივნისის ღამის ფურცელს.

ნამდვილად არ არის მართებული, სამართლებრივ დეტალებში შევიდეთ ამ საქმესთან, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია. ვინ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი და ვინ უნდა გადაიხადოს, ეს არის მეორეხარისხოვანი. აქ ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ძალიან ბევრი ხარვეზია.

„პირდაპირ ნიკა მელიასთან დაკავშირებით რომ ავიღოთ, ნიკა მელიას თანხმობა თუ იქნება, თურმე იმ შემთხვევაში შეეხება ამნისტია, ეს ხომ პირდაპირ ნიკა მელიასთვის არის ჩაწერილი. გარდა ამისა,ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი 19-20 ივნისის ღამეზე, არამარტო შემსრულებლებს ვგულისხმობ, არამედ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბრძანებებს გასცემდნენ. ამნისტიის ეს კანონი თუ იქნა მიღებული, ვერასოდეს ვერ დაისჯება ის ადამიანები, რომლებიც არიან მაღალი პოლიტიკური რანგის თანამდებობის პირები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დატოვე კომენტარი