ზაალ უდუმაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია, მიმდინარეობს რღვევის პროცესი, რომელიც სააშკარაოზე გამოვიდა
ზაალ უდუმაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია, მიმდინარეობს რღვევის პროცესი, რომელიც სააშკარაოზე გამოვიდა

ეს არის პროცესი, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია, მიმდინარეობს. ეს არის რღვევის პროცესი, რომელიც ძალიან საჯაროა და სააშკარაოზე გამოვიდა, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „ქართული ოცნების“ ექვსი დეპუტატის მიერ პარტიის დატოვება.

მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა გახარიას თანამდებობის დატოვებაც.

„სწორედ ამას ემსახურებოდა გახარიას წასვლაც თანამდებობიდან და სხვადასხვა მინისტრების გადადგომაც. დღეს ვნახეთ, რომ მინისტრებიც ახალ ბანაკში მიდიან. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც აპირებს რაღაც სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდეს ოპოზიციურ ველზე, ჯერ არის მხოლოდ განცხადებები. ამის წინაპირობას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ გახარიას ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე აქვს გასაცემი პასუხი ქართული საზოგადოებისთვის. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, უკავშირდება 20 ივნისს და მას აუცილებლად მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა.

ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ვიდრე ჩვენ არ ვიცით პასუხები კითხვებზე. ეს ძალიან მალე გამოჩნდება, არ სჭირდება დიდი დრო, რა როლს ასრულებს გახარია და არის თუ არა ის ივანიშვილის სატელიტი“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა დღეს პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.

„გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.