ზაალ უდუმაშვილი - ორი თვის წინ პრემიერი გადადგა, ამას მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, პარტიის რღვევა და ჩამოშლა მეტი რა არის
ზაალ უდუმაშვილი - ორი თვის წინ პრემიერი გადადგა, ამას მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, პარტიის რღვევა და ჩამოშლა მეტი რა არის

ორი თვის წინ პრემიერი გადადგა, ამას მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, პარტიის რღვევა და ჩამოშლა მეტი რა არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა არჩილ თალაკვაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოიშალა.

„არჩილ თალაკვაძის მიერ მოყვანილი არგუმენტები სრულიად გაუგებარია. რა უნდა თქვას, ეს მეორე საკითხია. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებაში“ შეუქცევადი რღვევის პროცესი მიმდინარეობს, პრაქტიკულად ჩამოიშალა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი. რამდენიმე თვის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ფორმალურად, მაგრამ მაინც თქვა, რომ მე საერთოდ პოლიტიკას თავს ვანებებ და ჩრდილში გავდივარო. ამას მოჰყვა ის, რომ ორი თვის წინ პრემიერ-მინისტრი გადადგა. გიორგი გახარია არ იყო მხოლოდ პრემიერი, ის იყო ერთ-ერთი რეიტინგული ფიგურა „ქართულ ოცნებაში“, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ და ახლა მოჰყვა ქვეყნის მეორე პირის გადადგომა. პარტიის რღვევა და ჩამოშლა მეტი რა არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შექმნილია უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი და ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის სწორედ ვადამდელი არჩევნები, მეტი რეცეპტი ამ კრიზისიდან გამოსავლის უბრალოდ არ არსებობს.

ამ განცხადებებით თალაკვაძე გუნდში რჩება, თუმცა ვნახოთ, კიდევ როგორ განვითარდება „ქართულ ოცნებაში“. ამ გადაადგილებებით რეალურად არაფერი იცვლება. რომ გვეუბნებიან, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ნეიტრალური ფიგურა როგორ უნდა იყოს?! რა ლოგიკაა ამაში საერთოდ?! ეს არის ჩვეულებრივი პარტიული ადამიანი, რომელიც შეცვლის მეორე პარტიულ ადამიანს. ეს პროცესი არის შეუქცევადი და მხოლოდ დაღმავალი გზა არსებობს, რომლის ბოლოსაც ვადამდელი არჩევნებია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.