ზაალ უდუმაშვილი - ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებამ შედეგი თუ ვერ გამოიღო, აქციები გაგრძელდება
ზაალ უდუმაშვილი - ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებამ შედეგი თუ ვერ გამოიღო, აქციები გაგრძელდება

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებამ შედეგი თუ ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, აქციები გაგრძელდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომლებიც იყვნენ ორგანიზატორები ამ შეხვედრების. მათგან ველოდებით სწორედ მომდევნო შეხვედრის გამართვის თარიღს. რა თქმა უნდა, მივალთ ამ შეხვედრაზე, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე იმედი გვაქვს ამ შეხვედრიდან, ნაკლებად, რადგან ჩვენ ვნახეთ ბოლოს, რა წინადადებით მოვიდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. სრულიად მიუღებელი წინადადებით. განსხვავებით იმ წინადადებისგან, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და რომელიც იყო გამოსავალი შექმნილი ჩიხური და კრიზისული ვითარებიდან. თუმცა არ გაითვალისწინეს. ახლა ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, ეს ხელისუფლება დამარცხებულია.

„უბრალოდ, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩავატაროთ ქვეყანაში სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები“,- აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკვე გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი.

დატოვე კომენტარი