ზაალ უდუმაშვილი - ოპოზიციის შეხვედრაზე განვიხილავთ იმ რადიკალურ ინიციატივებს, რაც გულისხმობს პარტიებისთვის დაფინანსების შეჩერებას და მთავარი ოპოზიციური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას
ზაალ უდუმაშვილი - ოპოზიციის შეხვედრაზე განვიხილავთ იმ რადიკალურ ინიციატივებს, რაც გულისხმობს პარტიებისთვის დაფინანსების შეჩერებას და მთავარი ოპოზიციური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას

ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ იმ რადიკალურ ინიციატივებს, რაც გულისხმობს პარტიებისთვის დაფინანსების შეჩერებას და მთავარი ოპოზიციური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ აღნიშნული კანონპროექტები დამტკიცდება, ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დაკანონდება.

„31 ოქტომბრის შემდეგ ჩვენს გეგმებში არანაირი ცვლილება არ შესულა. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში ახალი არჩევნები. სწორედ ეს არის მთავარი გეგმა. ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ იმ რადიკალურ ინიციატივებს, რაც გულისხმობს ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეჩერებას და მთავარი ოპოზიციური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხს. ამაზე უარესი რა უნდა იყოს ქვეყანაში. ეს ქვეყანა მიდის ავტორიტარული რეჟიმისკენ, რაც ოფიციალურად დაკანონდება, თუ ეს კანონპროექტები იქნება მიღებული. დღეს ყველაფერ ამას განვიხილავთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზეც განხილვის მთავარი თემა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტები იქნება.

ამასთან, უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ მეხუთე რაუნდზე საბოლოოდ გადაწყდება, მოხდება თუ არა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

„როდესაც მეხუთე რაუნდი ჩაინიშნება, ეს საკითხები იქნება განხილვის მთავარი თემა. ამ განცხადებების შემდეგ, მე არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს მეხუთე რაუნდის მიმართ, თუმცა აუცილებლად მივალთ სალაპარაკოდ, რადგან ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები. ბუნებრივია, ჩვენც ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას „ქართული ოცნებისგან“. პრინციპში, ეს მეხუთე რაუნდი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, შედგება თუ არა შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.