ზაალ უდუმაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება სწორედ ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა ოპოზიციურ ფრონტში, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“
ზაალ უდუმაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება სწორედ ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა ოპოზიციურ ფრონტში, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“

ირაკლი ღარიბაშვილი, იმის მაგივრად, რომ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდეს, დადის და მთელი თავისი გამოსვლების 80-90 პროცენტს უთმობს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, დღეს რეალობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შესულია წინასაარჩევნო კამპანიაში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ერთადერთი მიზეზი ამ მუდმივი კრიტიკის არის შიში.

„სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დავიღალე ყოველდღიურად კომენტარების გაკეთებისგან ღარიბაშვილის მორიგ განცხადებებზე. იმის მაგივრად, რომ ისაუბროს, რა გააკეთეს ან რის გაკეთებას აპირებენ, ისევ საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. თუ ასე აპირებენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას, ამ ზიზღისა და სიძულვილის ენით, რასაც აკეთებს ღარიბაშვილი,  მათი პირადი საქმეა, მაგრამ რეალობა არის სულ სხვა. დღეს რეალობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შესულია წინასაარჩევნო კამპანიაში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და ერთადერთი მიზეზი ამ მუდმივი კრიტიკისა, არის მარცხის შიში. შესაბამისად, გადმოსული არიან იაფ თავდასხმებზე. ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი რომ იყო პრემიერი, მაშინ გეგმავნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობას რადარებიდან. შევახსენებ მას, რომ 2018 წელს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა პირველ ტურში დაამარცხა სალომე ზურაბიშვილი. მაშინ ავიღეთ თითქმის 900 ათასი ხმა. წლიდან წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება. „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება სწორედ ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა საერთო ოპოზიციურ ფრონტში, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.