ზაალ უდუმაშვილი - მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მთავრობის ფორმირებაზე აქტიურ კონსულტაციებს ვიწყებთ
ზაალ უდუმაშვილი - მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მთავრობის ფორმირებაზე აქტიურ კონსულტაციებს ვიწყებთ

ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მთავრობის ფორმირებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარი დათვლის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

„არა მხოლოდ სანდო ეგზიტპოლებით, არამედ წინასწარი დათვლის შედეგებითაც უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში და ოპოზიცია იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში. ახლა მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო გაყალბების მცდელობის მეორე ტალღა. ყველა უბანთან მობილიზებული არიან სუს-ის ზონდერები. რამდენიმე უბანზე გაითიშა ელექტროენერგია, რათა ხელი შეშლოდა ბიულეტენების დათვლის პროცესს. ცდილობენ, ბათილად გამოაცხადონ ისეთი ბილეტენები, სადაც აშკარად არის გამოხატული ამომრჩევლის ნება. აღარ ვსაუბრობ იმაზე, როგორი ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა ეს არჩევნები მთელი დღის განმავლობაში.

ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე, იმ ხელისუფლების ფორმირებაზე, რომელმაც საბოლოოდ უნდა ჩამოაცილოს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას“, – განაცხადა უდუმაშვილმა.