ზაალ უდუმაშვილი - ბრძოლა გაგრძელდება, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმიტომ კი არ ჩამოვიდა, რომ კლინიკაში ყოფილიყო, ჩამოვიდა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლოს
ზაალ უდუმაშვილი - ბრძოლა გაგრძელდება, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმიტომ კი არ ჩამოვიდა, რომ კლინიკაში ყოფილიყო, ჩამოვიდა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლოს

მიხეილ სააკაშვილი იმიტომ კი არ ჩამოვიდა საქართველოში, რომ კლინიკაში ყოფილიყო, ჩამოვიდა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული და გადაყვანილი იყოს იმ კლინიკაში, სადაც მას სრული სამედიცინო სერვისი გაეწევა.

„რაც შეეხება ბრძოლას, ბრძოლა ბუნებრივია, გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილი იმიტომ კი არ ჩამოვიდა საქართველოში, რომ კლინიკაში ყოფილიყო, ჩამოვიდა იმისთვის, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლოს, მასთან ერთად ჩვენ ყველა ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამასთან, ზაალ უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელზეც გააკეთა შეთავაზება, სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

„ხელისუფლება იძულებული გახდა, მიეღო ეს გადაწყვეტილება. მგონია, ახლა არავის აზრად არ მოუვა თქვას, რომ ხელისუფლებამ თავის ნებით მიიღო გადაწყვეტილება, გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი. მიხვდნენ, რომ უკვე კრიტიკულ ზღვარზე არიან და იძულებული გავხადეთ, მათ შორის იძულებული გახადა მიხეილ სააკაშვილის ბრძოლამ, ასევე იმ ბრძოლამ, რომელიც მიმდინარეობს ქუჩებში ამ დღეების განმავლობაში. ასე რომ, ასე ბრძოლით უნდა მივაღწიოთ ყოველთვის წარმატებებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.