ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას თავისი უგუნური პოლიტიკით, რომელსაც მესამე პრეზიდენტის მიმართ ახორციელებს
ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას თავისი უგუნური პოლიტიკით, რომელსაც მესამე პრეზიდენტის მიმართ ახორციელებს

ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას თავისი უგუნური პოლიტიკით, რომელსაც მესამე პრეზიდენტის მიმართ ახორციელებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„შესაძლოა უმძიმესი და სავალალო შედეგი მივიღოთ, რადგან ახლა საუბარია არა დღეებზე, არამედ საათებსა და წუთებზე, რადგან სააკაშვილის მდგომარეობა როდის შეიცვლება და დამძიმდება, არავინ იცის. შემდეგ შეიძლება ძალიან დაგვიანებულიც იყოს ექიმების ჩარევა. კონსილიუმის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მას სჭირდება მრავალპროფილურ დაწესებულებაში მკურნალობა, სადაც იქნება კონკრეტული აპარატურა – „ემერაი“, „კატე“ და სხვა აპარატურა, რაც ციხის საავადმყოფოს არ აქვს“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, მე-18 სამკურნალო დაწესებულება სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის.

„მეორე საკითხია უსაფრთხოება. გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანა ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს მძიმე მოქმედებები ადგილობრივი პატიმრების მხრიდან, რომელსაც ხელისუფლება გაუწევს ორგანიზებას. რაც შეეხება პრივილეგიებს, არც სააკაშვილი და არც ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე განსაკუთრებულს. როცა ნებისმიერი პატიმარი ცუდად ხდება და მას ვერ ეხმარებიან, ის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ეს მიღებული პრაქტიკაა და სააკაშვილი განსაკუთრებულ გამონაკლისს არაფერს ითხოვს. სჯობს, ხელისუფლება გონს დროულად მოეგოს, რადგან პასუხისმგებლობა მას აკისრია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.