ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებზე გაიმარჯვა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სწორედ თქვა - დღეს აჭარის ტელევიზიაში 37 წელია
ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებზე გაიმარჯვა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სწორედ თქვა - დღეს აჭარის ტელევიზიაში 37 წელია

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელისუფლებამ გარკვეულწილად გაიმარჯვა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებზე, ის აუცილებლად დამარცხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა,მთელი ქვეყანა მომსწრეა, ბოლო რვა წლის განმავლობაში როგორ მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა თავისუფალი მედიის და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

„ჩვენ კარგად ვნახეთ უკვე დახურული ტელევიზიები, ტელევიზიები რომლებიც მრავალწლიანი ომის შემდეგ ჩამოერთვათ მფლობელებს და გადაეცა სხვებს. დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა სხვადასხვა მედიასაშუალებების მფლობელების მიმართ და მათ პატიმრობით ემუქრებიან. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის გასაოცარი დემოკრატია და ამ დემოკრატიის შედეგია ზუსტად ის, რაც ხდება დღეს აჭარის ტელევიზიაში. ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი ხნის ბრძოლის შედეგად ხელისუფლებამ შეძლო და იქ დანიშნა ის დირექტორი, რომელიც შეასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დავალებებს, რასაც მოყვა ავტომატურად შემდეგ ყველა იმ მედია მენეჯერის გათავისუფლება, რომელიც პასუხისმგებელი იყო არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ ეთერიდან მოხსნეს არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ახლა, ჯერი უკვე ჟურნალისტებზეა, იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში მართლაც საკუთარი გმირობის ფასად იბრძოდნენ, რომ შეენარჩუნებინათ პროფესიული თავისუფლება და ღირსება.

„მინდა, თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა, ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ჩვენი პარტიის სახელით. გუშინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ძალიან სწორად შეაფასა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები, მან თქვა, რომ დღეს აჭარის ტელევიზიაში 37 წელია, დიახ, სწორედ ასეა, რადგან მიმდინარეობს ტოტალური ცენზურა და ტოტალური კონტროლი ჟურნალისტების. მერწმუნეთ, ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელისუფლებამ გარკვეულწილად გაიმარჯვა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებზე, ის აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, ეს არის მართლაც ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნები, ამ არჩევნებში თავისუფალ სიტყვას და კრიტიკულ მედიას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. მერწმუნეთ, ძალიან ცოტა დრო დარჩა საბოლოო გამარჯვებამდე, ჩვენც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობა ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დატოვე კომენტარი