ზაალ უდუმაშვილი - იუნკერთა მემორიალი არის სიმბოლო, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა
ზაალ უდუმაშვილი - იუნკერთა მემორიალი არის სიმბოლო, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა

იუნკერების მემორიალი არის სიმბოლო იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ უნდა იბრძოლო ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ განაცხადა.

„25 თებერვალი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც დაიწყო საქართველოს ოკუპაცია და მისი 70 წლიანი გასაბჭოება.

ეს მემორიალი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ უნდა იბრძოლო ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის.

ჩვენ მოვედით აქ, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი იმ გმირებს, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.