ზაალ უდუმაშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადებამ პრაქტიკულად, მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა და ბუნებრივიც იყო, რომ შეხვედრა გადაიდებოდა
ზაალ უდუმაშვილი - ირაკლი კობახიძის განცხადებამ პრაქტიკულად, მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა და ბუნებრივიც იყო, რომ შეხვედრა გადაიდებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არ იცის ვისი ინიციატივით გადაიდო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო.

უდუმაშვილის თქმით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება.

„ვისი ინიციატივით გადაიდო შეხვედრა ვერ გეტყვით. ჩვენი ინიციატივით არ გადადებულა, თუმცა ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელმაც პრაქტიკულად, მოლაპარაკებების მაგიდა ააყირავა, თავისი შანტაჟითა და მუქარით ოპოზიციის მიმართ, ბუნებრივიც იყო, რომ ეს შეხვედრა გადაიდებოდა. დღეს რაზე უნდა მივსულიყავით სალაპარაკოდ, როდესაც „ქართული ოცნება“ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი? მოლაპარაკებები, ალბათ გაგრძელდება მომავალ კვირაში, თუმცა გაგრძელდება სულ სხვა სტატუსით, რადგან ხვალ იკრიბება პარლამენტი, რომელიც იქნება ერთპარტიული“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებას, უდუმაშვილი აცხადებს, რომ „ეს არის პირდაპირი ტერორი“.

„ტერორია, რადგან ერთის მხრივ, ოპოზიციას ეუბნები დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მეორეს მხრივ, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ემუქრები, როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, ინიციატივას გავაკეთებ, რომ ეს პარტია მოიხსნას რეგისტრაციიდანო. ეს არის პირდაპირი ტერორი. ქვეყანაში იწყება პუტინიზაცია. იგივე მეთოდებით ჩახსნა პუტინმა ის პარტიები, რომელიც მას არ აწყობდა, ასევე იყო მუქარა ტელევიზიაზე. ყველა კარტი გაშალა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, რას გეგმავს პარლამენტის შეკრების შემდეგ. ადრე თუ გვიან მაინც ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ამას სჭირდება ოპოზიციის სიმტკიცე და ერთიანობა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.