ზაალ უდუმაშვილი - გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი ავტორიტეტითა და ბრძოლით დაამტკიცა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია
ზაალ უდუმაშვილი - გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი ავტორიტეტითა და ბრძოლით დაამტკიცა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია

გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა, რადგან მან საკუთარი ავტორიტეტითა და ბრძოლით დაამტკიცა, რომ არის ამ პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება იყო ერთსულოვანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„სწორედ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო, თქვენ მოისმინეთ, რომ პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გამხდარიყო. ეს უკავშირდება ერთადერთ რამეს, რომ პარტია უნდა გახდეს უფრო ქმედით უნარიანი, უფრო მოქნილი. გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ადგილზე. შესაბამისად, ეს სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ პარტია კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
კითხვაზე, რა შეიცვალა ახლა, რადგან თავის დროზე პარტიის თავმჯდომარის საკითხი იყო უთანხმოების მიზეზი, რის გამოც რამდენიმე დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობა დატოვა, უდუმაშვილი ამბობს, რომ შეიცვალა დრო და პარტიაში სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო.

მისივე ინფორმაციით, პოლიტსაბჭოში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება.

„პირველ რიგში, შეიცვალა დრო. მას შემდეგ გავიდა სამი წელი. იმ დროს არ ვიყავი პარტიის წევრი, მაგრამ ვიცი, რომ მაშინ პარტია გადავიდა მართვის სხვა სტილზე. ახლა უკვე დადგა დრო, პარტიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდეს. პოლიტსაბჭოში არ იგეგმება რადიკალური ცვლილებები, შემადგენლობა დარჩება ისევ ისე, შეიძლება, რამდენიმე ახალი წევრი დაემატოს, ვნახოთ, ამაზე დღეს ვითათბირებთ“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

დღეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძეს აირჩევენ.