ზაალ უდუმაშვილი - დიალოგი თავად „ქართულმა ოცნებამ“ გამორიცხა, ხელისუფლება შანტაჟის და ულტიმატუმის ენით გველაპარაკება, რა დიალოგზეა საუბარი
ზაალ უდუმაშვილი - დიალოგი თავად „ქართულმა ოცნებამ“ გამორიცხა, ხელისუფლება შანტაჟის და ულტიმატუმის ენით გველაპარაკება, რა დიალოგზეა საუბარი

ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, დიალოგი თავად „ქართულმა ოცნებამ“ გამორიცხა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას შანტაჟის და ულტიმატუმის ენით ესაუბრება ოპოზიციას, დიალოგი ვერ შედგება.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია დიალოგისთვის მხოლოდ მაშინ იქნება მზად, თუ ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

„ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი დიალოგი პრაქტიკულად გამორიცხეს თავად „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა. დავიწყოთ იქიდან, რომ უბრალოდ ცესკო-ს შენობაში მისულ რამდენიმე ათეულ ადამიანს პირდაპირ წყლის ჭავლი გაუხსნა და დაიწყო მათი დაზიანება, გუშინ ადამიანებს პირდაპირ უზღუდავდნენ გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის გამოხატვის თავისუფლება, როდესაც ადამიანი დგას რუსთაველის გამზირზე, არ გადაადგილდება და მას 2 000-ლარიან ჯარიმებს უგზავნი. გარდა ამისა, როდესაც ხელისუფლება გველაპარაკება შანტაჟის და ულტიმატუმის ენით, რომ თუ ასე არ მოიქცევით, ყველანი დაისჯებით, ზოგს ციხეში გაგიშვებთ და ასეთი მუქარის ენა ისმის, რა დიალოგზეა საუბარი. ქვეყანაში ახლა უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად ხელისუფლებას, რომელმაც მოიპარა ქართველი ხალხის არჩევანი.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, რომელ სამართლებრივ მხარეზეა ლაპარაკი, როდესაც არც ერთი ჩვენი სარჩელი არც კი განხილულა. ყველანაირი რესურსი ამოწურა „ქართულმა ოცნებამ“ და ყველანაირი პოლიტიკური კორიდორი ჩახერგა, სადაც შეიძლებოდა სამართლებრივი დავა. არ არსებობს სივრცე, რომ დღეს ქვეყანაში სამართლებრივად იდავო. ერთადერთი სივრცე, რომელიც ხელისუფლებამ დატოვა, ეს არის პროტესტი, ამიტომ გრძელდება პროტესტი.

რაც შეეხება მოლაპარაკებას, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებაზე მხოლოდ ერთი პირობით – ეს განსახილველი საკითხი იქნება ქვეყანაში ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილი ასევე გამოეხმაურა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„ყველა განცხადებაში, რომელიც გაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ნათლად იყო იყო მითითებული იმ ზეწოლის შესახებ, რომელიც ხდებოდა საარჩევნო უბნებზე, იმ დარღვევებზე, რომელიც ხდებოდა მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურა. ყველა დასკვნაში წერია, რა დარღვევების ფონზე ჩაიარა ამ არჩევნებმა. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ თავისებურად კითხულობს ამ დასკვნებს, რაც არ უნდა ეწეროს, ისინი მაინც თავისებურად წაიკითხავენ, მაგრამ რეალობა სხვა არის, მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა, რეალურად როგორ ჩატარდა არჩევნები. ბუნებრივია, ჩვენი პროტესტი გაგრძელდება და ჩვენ აბსოლუტურად ყველა ამ დარღვევის შესახებ დოკუმენტურად, თავისი მტკიცებულებებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ჩვენს დიპლომატიური კორპუსების გადავუგზავნეთ და ბუნებრივია, ამის შემდეგ ჩვენც ველოდებით, რომ ტონი ხელისუფლების მისამართით კიდევ უფრო მკაცრი იქნება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.

„საზოგადოებრივი კონსულტაციების შედეგად, არჩევნები ჩატარდა არსებითად შესწორებულ სამართლებრივ ჩარჩოებში, რომელმაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, თუმცა საჭიროა სამომავლო ძალისხმევა ხარვეზების გამოსასწორებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.