ზაალ უდუმაშვილი - დღეს დავდგებით პარლამენტის შენობის გარეთ, რომ მივაწვდინოთ საკუთარი ხმა „ქართულ ოცნებას“, ჩვენი დეპუტატებიც სავარაუდოდ, შიგნით იქნებიან  
ზაალ უდუმაშვილი - დღეს დავდგებით პარლამენტის შენობის გარეთ, რომ მივაწვდინოთ საკუთარი ხმა „ქართულ ოცნებას“, ჩვენი დეპუტატებიც სავარაუდოდ, შიგნით იქნებიან  

პარლამენტის შენობაში არის უკვე „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი, დილის ხუთ საათზე გააღვიძეს და შვიდ საათზე უკვე ყველა პარლამენტში იყო შესული, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა.

ოპოზიცია დღეს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავდა, თუმცა როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ვინაიდან უკვე ყველა დეპუტატი შიგნით არის, ისინი შენობის გარეთ დადგებიან და მმართველი გუნდის წევრებს თავიანთ ხმამაღალ პროტესტს მიაწვდიან.

„ბერლინის კედლები“ თბილისში მხოლოდ ერთი მიზეზით არ დაგვხვდა, რადგან დილის ხუთ საათზე გააღვიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და როგორც ცხვრები, ისე შერეკეს პარლამენტში, შვიდ საათზე „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი უკვე პარლამენტში იყო წარმოდგენილი. თუ ასე სურთ მუშაობა, კი ბატონო, იმუშაონ ასე, ხან ნაკრძალად გამოცხადონ სამთავრობო სექტორი, ხან დილის ხუთ საათზე აღვიძონ დეპუტატები. არა უშავს, ჩვენ არ დავიღლებით. შემდგომი სესია რომ დაინიშნება ისევ ღამეს გავათევთ და ისევ დავდგებით აქ. ვნახოთ, მერე როგორ შევლენ. ის ხვრელებიც ვიცით, საიდანაც გუშინ შედიოდნენ დეპუტატები. იმ ხვრელებსაც ამოვქოლავთ აუცილებლად. ნამდვილად არ მივცემთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს იმ კომფორტს, რომ თავისუფლად შედიოდნენ პარლამენტში და იქ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდნენ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, დღეს ოპოზიციის დეპუტატები სავარაუდოდ, პარლამენტში შევლენ და იქ იქნება გამოსვლები.

„დღეს გასაგებია, რომ უკვე შიგნით არიან და სხდომას სავარაუდოდ ჩაატარებენ. ჩვენ დავდგებით შენობის გარეთ, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ხმამაღალი პროტესტი დეპუტატებს. ჩვენი დეპუტატები სავარაუდოდ, შიგნით იქნებიან და იქაც იქნება გამოსვლები. შესასვლელებთან დავდგებით. იმედია, დღეს აღარ გამოიყენებენ წყლის ჭავლს და რობოკოპებს, რადგან დეპუტატები შიგნით არიან. მათი სიტყვებით, ბლოკირებასაც ვერც ვერავის მოვუწყობთ, თუმცა ბლოკირება არ ყოფილა არასდროს, ეს იყო პიკეტირება. დღეს შიგნით არის ყველა დეპუტატი და ვის არ უნდა მივცე შესვლის უფლება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტთან ჩიტაძის ქუჩის მხრიდან იკრიბებიან.

პარლამენტთან ამ დროისათვის სიმშვიდეა. მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციუები აღარ არის აღმართული.

პარლამენტში დღეს პლენარული სესია უნდა გაიმართოს.