ზაალ უდუმაშვილი - დასავლელი პარტნიორების ვალდებულებაა, მოგვიწოდონ, შევიდეთ პარლამენტში, ისინი არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზეც მიუთითებენ
ზაალ უდუმაშვილი - დასავლელი პარტნიორების ვალდებულებაა, მოგვიწოდონ, შევიდეთ პარლამენტში, ისინი არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზეც მიუთითებენ

ჩვენ არ ვაღიარებთ ამ შედეგებს და ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ამავე მოწოდებაში, რომელიც ისმის არა მხოლოდ ევროპარლამენტის მხრიდან, ასევე საუბარია, რომ ოპოზიციას არ მიეცა საშუალება, თავისი სიმართლე დაემტკიცებინა როგორც ცესკო-ს დონეზე, ასევე სასამართლოების დონეზე, ვინაიდან არც ერთი სარჩელი განხილული არ ყოფილა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც უდუმაშვილი აცხადებს, სიმართლის დასამტკიცებლად მათთვის ყველა სამართლებრივი კარი დახურული იყო, რის გამოც მიმართეს პროტესტის ისეთ ფორმას, როგორიც პარლამენტში არშესვლაა.

„პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის შედეგები,რომელიც დაწერა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიძინა ივანიშვილისთვის. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ შედეგებს და ვითხოვთ ახალ არჩევნებს ქვეყანაში. ამავე მოწოდებაში, რომელიც ისმის არა მხოლოდ ევროპარლამენტის მხრიდან, ასევე საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციას არ მიეცა საშუალება, თავისი სიმართლე დაემტკიცებინა როგორც ცესკო-ს დონეზე, ასევე სასამართლოების დონეზე, ვინაიდან არც ერთი სარჩელი განხილული არ ყოფილა. შესაბამისად, როდესაც ასეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ ჩვენ არ მოგვეცა არანაირი სამართლებრივი ბერკეტი და ყველა კარი დახურული იყო, ჩვენი სიმართლე დაგვემტკიცებინა, რა თქმა უნდა, მივმართეთ პროტესტის ამ ფორმას და არ შევდივართ პარლამენტში. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეროგატივა არ არის არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ამას არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ იზამს. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი. შესაბამისად, ჩვენ უკეთ ვიცით, რა ვითარებაში ჩატარდა არჩევნები. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, როგორ მკაცრდება ბოლო პერიოდში იგივე ტონი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, როდესაც ხდება 31 ოქტომბრის არჩევნების შეფასება, მგონია, ნათელია, რომ მათი ვალდებულებაა, მოგვიწოდონ, ჩვენ შევიდეთ პარლამენტში, მაგრამ ამავე დროს, ისინი მიუთითებენ იმ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოთხმა ევროპარლამენტარმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავშეკავება და მოწიფულობა, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს და იპოვონ საჭირო კომპრომისი“.