ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული
ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

პროკურატურის ინფორმაციით, ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი გამოკითხვაზე დღეს არიან დაბარებული.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის  ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.