ზაალ უდუმაშვილი - ჩვენი პარტიიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, არც ერთი დეპუტატი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში იყო, არ აპირებს, ხელი მოკიდოს დარიცხულ ხელფასს
ზაალ უდუმაშვილი - ჩვენი პარტიიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, არც ერთი დეპუტატი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში იყო, არ აპირებს, ხელი მოკიდოს დარიცხულ ხელფასს

ჩვენი პარტიიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, არც ერთი დეპუტატი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში იყო, არ აპირებს, ხელი მოკიდოს დარიცხულ ხელფასს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურებისთვის მიმართა, სიცრუეა.

„მე ვფიქრობ, ესეც მორიგი სიცრუეა. ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ კობახიძეს კონკრეტული გვარები დაესახელებინა, ვინ მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა და მერე ეს პოლიტიკოსები თავად გასცემდნენ პასუხს. ვინაიდან ზოგადი, ბუნდოვანი განცხადება გააკეთა, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ასეთი ფაქტები არ არსებობს.

რაც შეეხება პარლამენტის იმ წევრებს, რომლებსაც დაერიცხათ ხელფასი იმიტომ, რომ ისინი წინა მოწვევის პარლამენტში იყვნენ, ახლა ჩვენი პარტიიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი დეპუტატი არ აპირებს ხელი მოკიდოს ამ ფულს. ამ ფულს გამოვიყენებთ ქველმოქმედებისთვის, ან რაღაც სხვა მიზნებისთვის, ან ისევ ხაზინაში დავაბრუნებთ. დავსხდებით და ამაზე მოვილაპარაკებთ, მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას.

მე როგორც ვიცი ანალოგიური პოზიცია აქვთ სხვა პარტიებსაც ამ ხელფასთან დაკავშირებით. ასე რომ, ამაზე ტყუილად ნუ დახარჯავენ დროს. არავინ არ აპირებს, ისარგებლოს იმ ფულით, რადგან ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ვისარგებლოთ ყველა იმ პრივილეგიით, რაც დეპუტატს აქვს, ჩვენ უარი ვთქვით სადეპუტატო მანდატებზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.