ზაალ უდუმაშვილი - ჩვენი მიზანია პარლამენტის პიკეტირება, რათა შენობაში არ შევიდნენ დეპუტატები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ
ზაალ უდუმაშვილი - ჩვენი მიზანია პარლამენტის პიკეტირება, რათა შენობაში არ შევიდნენ დეპუტატები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოსთან და მის მიმდებარედ სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული, რათა პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა საკუთარი პროტესტი ვერ გამოხატონ.

უდუმაშვილის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი მოქალაქეების ეშინია.

„ხედავთ, რა ხდება მთაწმინდაზე? როგორი მდგომარეობაა. ომისთვის ემზადებიან თუ საბრძოლო მოქმედებებისთვის. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა რომ ვერ მიაღწიოს და პროტესტი ვერ გამოთქვას პარლამენტის შენობასთან. ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ დღევანდელი სახეა. ბიძინა ივანიშვილის შეშინებული სახე, რომელსაც ეშინია საკუთარი მოქალაქეების. დღეს რკინის ჯებირებით დაჰყო ხალხი „ქართულმა ოცნებამ“, საკუთარი თავი დააყენა ჯებირების იქით და მოსახლეობა აქეთ. ეს არის ივანიშვილის მიერ გამოცხადებული გამოხატვის თავისუფლების ზეიმი საქართველოში. როგორი გამოხატვის თავისუფლებაა, ყველა ვხედავთ. ქუჩაში გადაადგილებას  გვიზღუდავენ, არათუ პარლამენტთან გამოხატვის უფლებას. ასე რომ, ეს არის ივანიშვილისეული დემოკრატიის ზეიმი. ამას მთელი მსოფლიო ხედავს. ხედავს, თბილისის ცენტრი როგორ არის პარალიზებული, რათა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ვერ მიაღწიოს პარლამენტის შენობასთან. ეს დროებითია. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო ნაბიჯი“, – განაცხადა უდუმაშვილმა და აღნიშნა, რომ მათი მიზანია, პარლამენტის პიკეტირება.

„ჩვენი მიზანი პარლამენტის პიკეტირებაა, რომ შენობაში არ შევიდნენ „ქართული ოცნების“ ის დეპუტატები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩვენ ვნახეთ, როგორ წაართვეს ქართველ ამომრჩევლებს არჩევანის უფლება რამდენიმე კვირის წინ და ახლაც ცდილობენ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას. მათ არ აქვთ უფლება, თავს უწოდებდნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. ესენი არიან ივანიშვილის ნოტარიუსები. პიკეტირებაზე უარესია, რაც აქ ხდება. არ სჯობდა, ჩვენ ვმდგარიყავით პარლამენტთან და თუნდაც ხმამაღალი გამოსვლები გვქონოდა. მთელი ცენტრალური უბანი სრულიად პარალიზებულია. პიკეტირება თავად მოუწყვეს პარლამენტის შენობას სამართალდამცავების ხელით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.