ზაალ უდუმაშვილი - 9 აპრილი არის დღე, რომელმაც დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა
ზაალ უდუმაშვილი - 9 აპრილი არის დღე, რომელმაც დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა

9 აპრილი არის დღე, რომელმაც დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

„ეს არის თარიღი, რომელმაც საფუძველი დაუდო პროცესებს, რომელმაც მიგვიყვანა იქამდე, რომ შევძელით სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. 9 აპრილი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იყოს საქართველო ერთიანი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა, თუმცა ბრძოლა საქართველოს ერთიანობისთვის დღესაც გრძელდება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი 9 აპრილთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილს წერილსაც გამოეხმაურა.

„მოდით, დავსვათ კითხვა – ვინ სად იყო 9 აპრილის დღეებში, როდესაც აქ ხალხი იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მაშინ სად ბრძანდებოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ერთადერთი კითხვა, რომელიც მე მაქვს ამ წერილის ავტორთან“, – განაცხადა უდუმაშვილმა.