ზაალ უდუმაშვილი - არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს შევიდეს პარლამენტში, თუ დროულად არ იქნა მიღწეული რამე კონკრეტული შეთანხმება, ჩვენს ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი
ზაალ უდუმაშვილი - არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს შევიდეს პარლამენტში, თუ დროულად არ იქნა მიღწეული რამე კონკრეტული შეთანხმება, ჩვენს ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი

ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის შედგება შეხვედრა და შედგება თუ არა საერთოდ, რადგან არანაირი სიგნალი არ გვაქვს, არც ელჩების მხრიდან და არც ხელისუფლების მხრიდან, რომ არის მზადყოფნა ამ შეხვედრისა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის, რომ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს.

„ჩვენი პოზიცია გაცხადებულია და ცნობილია ყველასთვის და ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. ვნახოთ, ხელისუფლებას რამდენად ეყოფა გონიერება, რომ მოვიდეს რეალური წინადადებით. ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა ჩაინიშნოს შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ მივიდეთ სასაუბროდ. საგაზაფხულო სესიამდე ხელისუფლებისთვის არის ალბათ  მნიშვნელოვანი, რომ შედგეს ეს შეხვედრა, თორემ მოლაპარაკება ალბათ მერეც გაიმართება, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა სტატუსით, ანუ მაშინ უკვე ხელისუფლებას ოფიციალურად ექნება ერთპარტიული სტატუსი, როდესაც დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა მანდატების დატოვების შესახებ. ახლა რაც შეეხება, მოლოდინს, რომ იქ რაღაც მრავალპარტიულ პარლამენტს შექმნიან, სულ ტყუილად აქვთ ეს მოლოდინი, ხელოვნურად შეყრილი ხალხი ვერაფრით ვერ შექმნის მრავალპარტიულობის განცდას. არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს შევიდეს პარლამენტში. ასე რომ, თუ დროულად არ იქნა მიღწეული რაიმე კონკრეტული შეთანხმება, ჩვენს ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, რაც იქნება ძალიან უმძიმესი განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა უდუმაშვილმა.