ზაალ უდუმაშვილი - არანაირი რევოლუციები არ იგეგმება, დაანებონ თავი შავი კატის ძებნას ბნელ ოთახში, მით უმეტეს, როდესაც შავი კატა ოთახში საერთოდ არ არის
ზაალ უდუმაშვილი - არანაირი რევოლუციები არ იგეგმება, დაანებონ თავი შავი კატის ძებნას ბნელ ოთახში, მით უმეტეს, როდესაც შავი კატა ოთახში საერთოდ არ არის

დაანებონ თავი შავი კატის ძებნას ბნელ ოთახში, მით უმეტეს, როდესაც შავი კატა ამ ოთახში საერთოდ არ არის და ჯობია, უყურონ საკუთარ თავს ტელევიზორში, რამდენად კარგად გამოიყურებიან, როდესაც სადღეგრძელოების სტილში ჩაარიხინეს მთელი ეს მოსმენები და ასე დაამტკიცეს მთავრობა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებაზე კომენტირებისას.

მისი თქმით, არანაირი რევოლუცია არ იგეგმება.

„ყოველთვის ასე არის, როდესაც ხელისუფლებას უჭირს, იმ წუთში ალაპარაკდებიან ხოლმე რაღაც რევოლუციურ და არარსებულ სცენარებზე. არანაირი რევოლუციები არ იგეგმება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რაც შეიძლება დროულად დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, სადაც ყველას ექნება საშუალება, გამოხატოს თავისი ნება და თავად აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც მას სურს და არა ისე, როგორც 31 ოქტომბერს მოხდა, როდესაც თავად დაიწერეს ის ციფრები, რომლებიც მხოლოდ მათ ინტერესში შედიოდა. ამიტომ დაანებონ შავი კატის ძებნას ბნელ ოთახში, მით უმეტეს, როდესაც შავი კატა ამ ოთახში საერთოდ არ არის და ჯობია, ახლა უყურონ საკუთარ თავს ტელევიზორში, რამდენად კარგად გამოიყურებიან, როდესაც სადღეგრძელოების სტილში ჩაარიხინეს მთელი ეს მოსმენები და ასე დაამტკიცეს მთავრობა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, კარგია, რომ ხელისუფლება მიხვდა, რომ ერთპარტიული პარლამენტი დამაზიანებელია.

„კარგია, რომ მიხვდნენ, რომ ეს დამაზიანებელია, როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისთვის, მაგრამ იმისათვის, რომ დიალოგი შედგეს, საჭიროა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაიდოს ის წინადადებებები, რომლებზეც ორივე მხარეს საშუალება ექნება, წარმართოს დიალოგი. იმ პრინციპით, რომ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ასე დიალოგი არ წარიმართება. ასე რომ, ჩვენ ველოდებით, თუ კიდევ შერჩა გონივრულობის რაღაც ელემენტი ხელისუფლებას მოლაპარაკების პროცესში, რომელსაც ვაწარმოებთ, რომ მოვა მოლაპარაკებების მაგიდასთან კონკრეტული წინადადებებით, რომლებიც იქნება განხილვადი ოპოზიციის მხრიდან“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოპოზიცია ტყუილად ელოდება, რომ წარმოუდგენელი სცენარები მათ რევოლუციურ განვითარებამდე მიიყვანს. გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნისთვის პრობლემაა.

დატოვე კომენტარი