ზაალ უდუმაშვილი - არანაირ გამოძიებაზე არ შეიძლება საუბარი, ვიდრე გიორგი გახარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს
ზაალ უდუმაშვილი - არანაირ გამოძიებაზე არ შეიძლება საუბარი, ვიდრე გიორგი გახარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს

არანაირ გამოძიებაზე არ შეიძლება საუბარი, ვიდრე ყველაფერზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ აიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ შსს-ს თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შეიძლება საუბარი გამოძების ობიექტურობაზე.

„შეუძლებელია გამოძიება ობიექტურად წარიმართოს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გახარიაა, გავრილოვის ღამის უშუალო ინიციატორი და ავტორი. ახლა თითო-თითო ბარტყების გადმოგდება საქმეს არ უშველის. გახარია უნდა წავიდეს და შემდეგ არის მხოლოდ საუბარი შესაძლებელი, რამდენად ობიექტური იქნება გამოძიება. ვიდრე გახარია შინაგან საქმეთა მინისტრია, ნებისმიერ გამოძიებაზე საუბარი ტყუილია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

20-21 ივნისს, საქართველოს  პარლამენტის შენობის  მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს.