ზაალ უდუმაშვილი - არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია დღეს რუსეთთან ფრენების აღდგენა, რადგან რუსეთი კოვიდინფიცირების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია
ზაალ უდუმაშვილი - არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია დღეს რუსეთთან ფრენების აღდგენა, რადგან რუსეთი კოვიდინფიცირების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია

ვიდრე საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევს, რუსეთის მხრიდან მუდმივად შეურაცხმყოფელი განცხადებები იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს.

უდუმაშვილი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის მიზანშეწონილობას რუსეთში არსებული ეპიდვითარების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია დღეს საერთოდ რუსეთთან ფრენების აღდგენა, რომც უნდოდეს თავად, რადგან რუსეთი კოვიდინფიცირების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია მსოფლიოში.  რამდენად საერთოდ მიზანშეწონილია, რომ მასთან ფრენები აღდგეს, ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხია ის, რომ როდესაც ეს შეხვედრები იმართება, ფორმატი არის ასეთი – რუსეთი უყენებს პრეტენზიებს, შენ თავს უხრი და გამოდიხარ. ვიდრე ასე გაგრძელდება მოლაპარაკებები, რომ ჩვენ უნდა ვისმინოთ ბრალდებები რუსეთის მხრიდან. ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც იქ არის, ასე თავდახრილი გამოდის იქიდან და პასუხსაც არ სცემს, მუდმივად იქნება ასეთი რამ. ასეთი პოზიცია უკავია სახელმწიფოს მთელი ამ რვა წლის განმავლობაში რუსეთთან მიმართებაში და ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ მუდმივად გვესმის ეს ბრალდებები მათგან. რაც გასდის, იმას აკეთებს რეალურად.

ბორდერიზაციას თვითონ რა სახელს დაარქმევს, რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ხომ ვუყურებთ, რომ რუსეთი ყოველდღიურად იტაცებს საქართველოს ტერიტორიებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ანტიკრემლური და ანტიპუტინური განწყობებია და არა – ანტირუსული.

„ანტირუსულ განწყობებს რაც შეეხება, ანტირუსული განწყობები კი არ არის საქართველოში, ანტიკრემლური და ანტიპუტინური განწყობებია. ეს სრულიად გასაგებია რატომაც, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა და ახლა რა უნდათ, რომ კიდევ მადლობები ვუხადოთ ჩვენ ამის თაობაზე? ვიდრე საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევს, მანამდე რუსეთის მხრიდან მუდმივად შეურაცხმყოფელი განცხადებები იქნება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა.

„თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ქართული მხრიდან აღინიშნა, რომ ამ თემის პოლიტიზება არასწორია“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი