ზაალ უდუმაშვილი - დღეს ვიბრძვით მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის
ზაალ უდუმაშვილი - დღეს ვიბრძვით მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილიც მალე დატოვებს საპატიმროს და ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ამ პროცესში, უშუალოდ აქციაზე გამოცხადდება ის გეგმები, როგორ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მცხეთის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია პარტიული არ არის.

„დღეს, ამ მოედანზე უამრავ ადამიანს ნახავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსაც, არამხარდამჭერებსაც, სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც, აქ არ არის საქმე, ვის რა პოლიტიკური სიმპათია გააჩნია. დღეს ვიბრძვით მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისათვის. მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა პარტიის პრეზიდენტი, ის იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის აღორძინებასა და განვითარებაში. ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება, დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში გამოკეტილი ჰყავდეს. პუტინის ოცნება ამ ქვეყანაში არ ასრულდება, ეს დროებითი მოვლენაა. დარწმუნებული ვარ, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას, რომელიც არ დაუშვებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა დიდხანს გაგრძელდეს. ეს აქცია იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ მიხეილ სააკაშვილმა დატოვოს დაწესებულება. ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მომავალი, როგორ ქვეყანაში გაიზრდებიან ჩვენი შვილები, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩავაბაროთ უსამართლობა, უნდა მოვიდეს დღეს თავისუფლების მოედანზე. დარწმუნებული ვარ, ამდენი ხალხი დიდი ხანია, საქართველოს მოსახლეობას არ უნახავს. დღეს ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ და ამ ქვეყნის დაკარგვის უფლება „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილიც მალე დატოვებს საპატიმროს და ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ამ პროცესში. უშუალოდ აქციაზე გამოცხადდება ის გეგმები, როგორ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას“, – განაცხადა უდუმაშვილმა.