ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის პიკეტირება დღეისათვის დასრულებულია
ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის პიკეტირება დღეისათვის დასრულებულია

დღეისათვის პიკეტირების პროცესი დასრულებულია, თუმცა პროტესტი გაგრძელდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, ივანიშვილის მმართველობა უნდა დასრულდეს და ეს იმაზე მალე მოხდება, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ წარმოუდგენია.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, აქციის მონაწილეები პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ „სირცხვილის დერეფნების“ მოსაწყობად, თუმცა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში შეიპარნენ.

„ივანიშვილის მმართველობა დასრულდება, რადგან ვერცერთი ხელისუფლება ვერ აღდგომია წინ ხალხის ნებას. ყველაფერი იმაზე მალე დამთავრდება, ვიდრე ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ჰგონიათ. ჩვენი ერთად ყოფნით, გამძლეობით, მეგობრების მხარდაჭერით, მივაღწევთ იმას, რომ ჩატარდება პროპორციული არჩევნები. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ დილიდან, რათა სირცხვილის დერეფანი გაგვეკეთებინა, თუმცა ისინი შეიპარნენ პარლამენტში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, აქციები, პიკეტირება გაგრძელდება, რათა დისკომფორტი შეუქმნან მმართველი გუნდის წარმომადგენლებს.

„ჩვენ ვიქნებით ყველგან, სახელმწიფო უწყებებთან, სადაც ისინი იქნებიან, რადგან ყველამ უნდა გაიგოს, ვინ არიან ხელისუფლების ის წარმომადგენლები, ის დეპუტატები, რომლებმაც მოიპარეს პროპორციული არჩევნები. დღეს არის დასაწყისი – აქციებიც იქნება, პიკეტირებაც, პროტესტის ყველა ის ფორმა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის შესასვლელთან. აქციის მონაწილეებს შესასვლელ კარზე ბოქლომის დადება სურდათ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.