ზაალ მიქელაძე - მადლობა ჩვენს მოქალაქეებს, ვინც გაითვალისწინა ყველა მოწოდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა შიდა გავრცელება პიკურ პერიოდში შედის
ზაალ მიქელაძე - მადლობა ჩვენს მოქალაქეებს, ვინც გაითვალისწინა ყველა მოწოდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა შიდა გავრცელება პიკურ პერიოდში შედის

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მადლობას უხდის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გაითვალისწინეს რეკომენდაცია განსაკუთრებით მაშინ, როცა შიდა გავრცელება პიკურ პერიოდში შედის.

მისი თქმით, სადღესასწაულო დღეებში ნაკლები ადამიანის თავშეყრამ ვირუსის შემდგომი გავრცელების რისკები შეამცირა.

ამასთან, მიქელაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა ოჯახშიც.

„ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვეტყვი ჩვენს მოქალაქეებს, ვინც გაითვალისწინა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია, რაც ამ მიმართულებით გაისმა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სწორედ მაშინ, როდესაც პიკურ პერიოდში შედის შიდა გავრცელება. ის, რომ ჩვენ რელიგიური დღესასწაულები შედარებით მშვიდად გადავიარეთ, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე დიმიტრის, რომლის გადაწყვეტილებამაც ჩვენ აგვაცილა ის რისკები, რაც მოქალაქეეების ერთად შეკრებას უკავშირდება.

ჩაკეტილ სივრცეში ადამიანის ერთად ყოფნის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ, დაიცვან რეკომენდაცია დისტანციასთან დაკავშირებით, არ არის რა ბოლომდე ცნობილი და შესწავლილი ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი მახასიათებლები, მაინც რთულია ზუსტად განსაზღვრო. ამან გარკვეულწილად, ეს რისკები აგვარიდა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ მზად, რომ შეიძლება სადღაც გვქონდეს კვლავ დაფარული შემთხვევები, რადგან ვიცით, რომ ქობულეთის კლასტერში სწორედ იმ პირველ შემთხვევებთან მიმართებაში არანაირი მოლოდინი არ იყო და შემდეგ აღმოჩნდა, მათ რამდენ ასეულ ადამიანთან ჰქონდათ შემხებლობა და კონტაქტი.

ასე რომ, ცოტა კიდევ გავუძლოთ. როდესაც ჩვენ გვყავს ქრონიკული სხვადასხვა დაავადებით ოჯახის წევრი და ზოგადად ხანდაზმული, ვეცადოთ, რომ მათთანაც, ოჯახის სივრცეში გვქონდეს დისტანცია დაცული“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.