ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებები აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მზადყოფნაში არიან
ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებები აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მზადყოფნაში არიან

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებები აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მზადყოფნაში არიან. აღნიშნულ საკითხზე მან საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

„რეგიონის მზაობა რამდენიმე დღის წინ შეფასებული იყო მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის მიერ, როდესაც ისინი აჭარას სტუმრობდნენ. პირველი რგოლი, რომელიც იღებს შეტყობინებას 112-ში შესული ზარის შემდეგ, ონლაინ კლინიკებში მისამართდება. ასეთ კლინიკებში ჩართული არიან გადამზადებული პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები. პირველ ეტაპზე ასეთი გვყავს 38. რაც ეს ონლაინ კლინიკა მართვაში ჩაერთო, 2 აპრილიდან დღემდე, 300-ზე მეტი ზარი შევიდა. ისინი მოქალაქეებზე პირველ ტრიაჟს დისტანციურად, ტელეფონით ახორციელებენ. მათი გადაწყვეტილებით ასეთი იყოს სულ 27 შემთხვევა, როდესაც ზარების გაცხრილვის შემდეგ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების სამსახურზე იყო გადამისამართელბული და სპეციალური ბრიგადებით ეს მოქალაქეები ცხელების ცენტრებში იყვნენ გადაყვანილი. ასეთი ცხელების ცენტრი ორი იყო, ინფექციური საავადმყოფო და მედ ემერჯენსის საზღვაო ჰოსპიტალი. ერთ შემთხვევაში 30 და მეორე შემთხვევაში 40 საწოლით, რაც პირველ ეტაპზე უზრუნველყოფდა ამ ნაკადების სრულ მართვას. ასევე ერთი კოვიდცენტრი ბათუმში „მედალფას“ კლინიკაა, 59 საწოლზე გათვლილი“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ კლინიკებს დაემატა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

„ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აჭარაში ოპერირებენ. ჩემთვისაც კი წარმოუდგენელ დროში, 10 დღეში მათ ფინანსური რესურსების მობილიზება შეძლეს. იმავდროულად, შესყიდვა ყველა იმ საჭირო აპარატურის, რაც პირველ ეტაპზე ამ
კლინიკას სჭირდებოდა. ერთდროულად მოხერხდა ცხელების ცენტრისა და კოვიდცენტრის გახსნა. აქ საუბარია 27 რეანიმაციულ საწოლზე და 170 საპალატე საწოლზე. ჯამში პირველ ეტაპზე 65 საწოლი ჩაიშვა. თვის ბოლოს ეს რიცხვი 170-მდე ავა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყველა გათვლით, ყველაზე კრიზისულ სიტუაციაში, პიკის დროსაც, რომ დავფაროთ მთლიანად შესაძლებელი ყველა შემთხვევა არა მხოლოდ აჭარის შემთხვევაში, არამედ უახლოეს რეგიონებთან მიმართებაშიც გათვლილია“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ამასთან, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ საშუალო სიმძიმისაა თურქეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

„აჭარაში კლინიკებში 19 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. სწორედ ამ 19-ში შედის ის მოქალაქე, რომელსაც დიაგნოზი მეზობელ სახელმწიფოში დაესვა და შემდეგ ყველა წესის დაცვით ბათუმში იყო ტრანსპორტირებული. ის კლინიკაში გადავიდა. მისი მდგომარეობა მძიმე არ არის, საშუალო სიმძიმისაა. ბოლო რამოდენიმე შემთხვევა სწორედ დაკავშირებულია მეზობელ სახელმწიფოსთან. მათ უფლება აქვთ, ისარგებლონ ყველა იმ სერვისით და შეღავათით, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ნაკადი შემოდის ყოველდღიურად საქართველოში. ჩვენი წესის თანახმად, შემოსვლის შემდეგ ყველა ეს ადამიანი საკარანტინო სივრცეში გადადის“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.