ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ აჭარაში ბოლო 24 საათში 100-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა და კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ აჭარაში ბოლო 24 საათში 100-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა და კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ რეგიონში ბოლო 24 საათში 100-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა და კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„ბოლო 24 საათში 100-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა და ძირითადად „პისიარ“ ტესტირება იყო. მოიცავდა, როგორც საკარანტინო ზონაში მყოფ ადამიანებს, ასევე ცხელების ცენტრში შესულ მოქალაქეებს. ასევე, ტესტირება ჩაუტარდა ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ კონტაქტებს და ყველა მათგანის პასუხი იყო უარყოფითი. ეს არის სწორედ დამსახურება როგორც იმ საერთო სამოქმედო გეგმის, რომელმაც მოგვცა საშუალება რომ ეს ადამიანები გადაგვეყვანა თვითიზოლაციისა თუ საკარანტინე ზონებში, ასევე განსაკუთრებული დამსახურებაა ჩვენი მოქალქეების, რომლებმაც ადეკვატურად აღიქვეს შექმნილი მდგომარეობა და ის რისკები, რაც ამ დაავადების გავრცელებას უკავშირდება.

მადლობას გადავუხდი მათ და განსაკუთრებულია სწორედ მათი მხრიდან სწორი აღქმა პროცესის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ ყველა ის რისკი, რაც გავრცელებას უკავშირდება“, – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

მიქელაძე აცხადებს, რომ ქვეყანა შიდა გავრცელების ეტაპზეა და ე.წ. ეპიდემილიოგიური მრუდი მიდის იმ გათვლებით, რაც იყო ზოგადად შემუშავებული.

„აქედან გამომდინარე, თუ მოქალაქეები კიდევ ერთხელ დაიჯერებენ ყველა რეკომენდაციას, ჩვენ გადავურჩებით იმ პიკურ მდგომარეობას, რომ საშუალება გვეძლება ჩვენი სამედიცინო რესურსით ვმართოთ აბსოლუტურად სწორად, პროტოკოლის შესაბამისად მდგომარეობა და არ მოგვეცემა ის რთული სიტუაცია, როდესაც იძულებული ვიქნებით, რომ არა მხოლოდ კონკრეტულად ამ მიმართულების კლინიკაში, არამედ ყველა კლინიკაში მოგვიწიოს მათი მართვა და არა მხოლოდ კლინიკაში, ოჯახის პირობებშიც, რაც განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს მართვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ აჭარაში ცხელების სამი ცენტრი და კოვიდის მართვის ორი კლინიკაა.

„ყველა გათვლით, სწორი მართვის შემთხვევაში, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რესურსი სწორად იყოს განაწილებული და თუ ასე იმართა ეს დაავადება, ჩვენ არა მხოლოდ აჭარის რეგიონს, არამედ უახლოეს სამეზობლოში დაფიქსირებული შემთხვევების მართვის საშუალებაც მოგვეცემა სწორად“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.