ყველაზე ტიტულოვანი ბელორუსი მწვრთნელი აღიარებს - ჩემპიონატის გაგრძელება გაუმართლებელი იყო
ყველაზე ტიტულოვანი ბელორუსი მწვრთნელი აღიარებს - ჩემპიონატის გაგრძელება გაუმართლებელი იყო

ყველაზე ცნობილი ბელარუსი სპეციალისტი, მოსკოვის ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი ვიკტორ გონჩარენკო არ იზიარებს თანამემამულეთა აღტაცებას, რომლებიც ბელორუსის ჩემპიონატის გაგრძელებას გმირობად აფასებენ. ის პირველი ბელარუსი მწვრთნელია, რომელმაც ამის შესახებ ღიად ილაპარაკა.

„ის ფაქტი, რომ ბელორუსში ჩემპიონატი გრძელდება, ჩემთვის გაუგებარია. მეტიც, ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება არაა. ზედმეტად მკაცრი საკარანტინო ზომები საჭირო ნამდვილად არაა. მეორეს მხრივ, ახლა ფეხბურთის სათამაშოდ სასურვლი და სათანადო გარემოც არაა. ბელორუსში ხალხს შეგნება და დისციპლინა გააჩნია. მხოლოდ ამის დამსახურებაა, რომ ჩემპიონატის მატჩებს მხოლოდ 300 ადამიანი ესწრება. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, დააახლოებით ამავე რაოდენობის ხალხი მოვა გერმანიის ბუნდესლიგის თამაშებზეც,“ – ამბობს გონჩარენკო.

ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 22052-მდე გაიზარდა, მათგან 126 გარდაიცვალა. ამის გამო საფეხბურთო სამყარო ჩემპიონატის შეჩერებას ემხრობოდა, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ამ ნაბიჯზე თავი შეიკავა.

გონჩარენკო ცნობილი იმით იყო, რომ კარიერა ძალიან ნაადრევად, 25 წლისამ დაასრულა, 30 წლისამ კი ბელარუსის ყველაზე პოპულარული კლუბი ბორისოვოს „ბატე“ ჩაიბარა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ბელორუსის ჩემპიონი ექვსჯერ გახდა, ერთხელ – თასის გამარჯვებული, სამჯერ კი – სუპერთასის მფლობელი. ამის შემდეგ ის მოსკოვის ცსკა-ში მიიწვიეს, რომელმაც ბელარუსის თავკაცობით მოიპოვა რუსეთის სუპერთასი, ხოლო ორჯერ ვიცე-ჩემპიონის ტიტული. 42 წლის ვიკტორ გონჩარენკო ბელორუსის საუკეთესო მწვრთნელად რვაჯერ (?!) დაასახელეს.

ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა – ეს 2008 წელს მისმა გაწვრთნილმა „ბატემ“ მოახერხა, როდესაც სპეციალისტი 31 წლის იყო. მეორე წელს კი ბორისოვოს გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფში გაიყვანა.