ყველაფერი კარგადაა, მალე „გენტთან“ ერთად სეზონისთვის ვარჯიშს ჩვეულებრივ განვაგრძობ - გიორგი ჩაკვეტაძე ევრო 2020-ზე რონალდოს ქომაგობს #1TVSPORT
გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციულ საღამოზე საგანგებო პრიზი გადასცეს გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც თბილისშია და სეზონისთვის ემზადება. გიორგიმ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ჯანმრთელადაა და სეზონისთვის ემზადება.
„ყველაფერი უკვე კარგად არის. პატარა მიკროტრავმები მქონდა, რადგან დიდი პერიოდი დასვენება რომ გიწევს, მსგავსი ტრავმები ჩვეულებრივი ამბავია და გაწუხებს. უკვე ეს ტრავმებიც მოვირჩინე. კარგად ვარ, „დინამოს“ ბაზაზე ვემზადები“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ჩაკვეტაძე.
საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი მალე სეზონისთვის მზადებას გუნდთან ერთად დაიწყებს:
„13 ივნისს „გენტის“ მოსამზადებელი ეტაპი იწყება. წავალ ბელგიაში, შევუერთდები გუნდს და ვარჯიშს ჩვეულებრივ განვაგრძობ“.
მან კომენტარი გააკეთა სპეციალურ პრიზზე, რომელიც „სარბიელის“ ტრადიციულ დაჯილდოვებაზე გადასცეს:
„მადლობელი ვარ ამ ჯილდოსთვის, რადგან იქაც დავინახე, როგორ მელოდება ხალხი – ყველას უნდა დავბრუნდე და რაც შეიძლება მალე ვითამაშო კლუბში და ასევე საქართველოს ნაკრებში“,
გიორგი ჩაკვეტაძემ „სარბიელის“ ტრადიციულ დაჯილდოვების გამარჯვებულზეც ილაპარაკა:
„ხვიჩას კვარაცხელია ვულოცავ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებას, ძალიან კარგი ფეხბურთელია, წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ფეხბურთს ითამაშებს“.
მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩაკვეტაძე პირადად კრიშტიანო რონალდოს უქომაგებს:
„ვის ვუგულშემატკივრებ? ასე ფავორიტი არ მყავს, მაგრამ მინდა, რომ პორტუგალიამ მოიგოს. ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა და მგონია, რომ ის გახდება ბომბარდირი, პორტუგალია კი მოიგებს“.
11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით საქართველოს პირველი არხი ევრო 2020-ის ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.