ინტერვიუ | ხვიჩა კვარაცხელია პორტუგალიას გულშემატკივრობს - „რუბინში“ მოვემზადები და ყველაფერი მერე გაირკვევა [ვიდეო] #1TVSPORT
ინტერვიუ | ხვიჩა კვარაცხელია პორტუგალიას გულშემატკივრობს - „რუბინში“ მოვემზადები და ყველაფერი მერე გაირკვევა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველმა არხმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ გაზეთ „სარბიელის“ დაჯილდოების შემდეგ ჩამოართვა. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის თავდამსხმელი ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებული გახდა.

 

– ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა აქ დგომა და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელობა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებს დავეხმარო. ყველას დიდი მადლობა აღიარებისთვის – ეს მომცემს მოტივაციას, რომ შემდეგში უფრო მეტი გავაკეთო.

– გასაგებია, წინასწარ კონკრეტულს არაფერს იტყვი, მაგრამ შენს ტრანსფერზე სიახლეებს როდის უნდა ველოდოთ?

– არ ვიცი. ჯერ ჩავალ ყაზანში, „რუბინში“, სადაც კონტრაქტი მაქვს და ჩვეულებრივად, გუნდთან ერთად მოვემზადები. შემდეგ ყველაფერს დრო გვაჩვენებს.

– ეტყობა, მოლაპარაკებები საკმაოდ რთულად მიდის, რადგან ლაპარაკი დიდ თანხაზეა.

– ეს ჩემი საქმე არაა და გუნდებს შორის გადაწყდება.

– რაც მთავარია, ახლა ჯანმრთელად ხომ ხარ?

– დიახ, საბედნიეროდ, თავს კარგად ვგრძნობ, რეალიბილიტაციის ცენტრში ინდივიდუალურად ვემზადები და ახალი სეზონისთვის მაქსიმალურად მზად ვიქნები.

– რეალურად, რა ტრავმა გქონდა?

– კუნთის პრობლემა იყო, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი იყო დაზიანებული. საბედნიეროდ, სერიოზულ პრობლემას გადავურჩი.

– საქართველოს ნაკრების ბოლო ორ შეხვედრას როგორ შეაფასებ?

– რუმინეთთან შედეგი მთავარი არ იყო, მაგრამ მოვიგეთ და ბუნებრივია, დადებითად შევაფასებ. ასეთ მეტოქესთან სტუმრად გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ნიდერლანდებს, ძალიან ძლიერი მეტოქეა და დარწმუნებული ვიყავი, რომ რთული მატჩი გველოდა. ასეც იყო. ამ თამაშებიდან და შეცდომებიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რაღაცები ვისწავლოთ და შემდეგ შეხვედრაში გამოვასწოროთ.

– მატჩების შორიდან ყურება ძნელი იქნებოდა.

– რა თქმა უნდა. სულ გინდა, რომ შენს გუნდს დაეხმარო. ძალიან მეწყინა, ეს ორი მატჩი რომ ვერ ვითამაშე, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდიოდა. ახლა სათამაშოდ ჯერ მზად არ ვიყავი.

– ევროპის ჩემპიონატი ორ დღეში იწყება. საინტერესოა, ვის უგულშემატკივრებ.

– რონალდოს გამო პორტუგალიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ფავორიტი საფრანგეთი მგონია, რომელმაც ძალიან ძლიერი ნაკრები ჩამოაყალიბა. შევუერთდები ჩემს მეგობრებს და ყველას მოვუწოდებ, რომ ვუყუროთ ევროპის ჩემპიონატს პირველ არხზე.