ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დღეიდან მუშაობა განაახლა [ფოტო/ვიდეო]

დღეიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით ამუშავდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი ამ დრომდე შეზღუდული იყო, აღდგა როგორც ავტობუსების, ისე მიკროავობუსების მოძრაობა. ამუშავდა დედაქალაქის მეტროც.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განმარტა, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა ოთხ პროცენტზე ქვემოთ, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ ფრთხილად გაგრძელდეს შეზღუდვების შემსუბუქება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00 საათამდე იმოძრავებს. შეზღუდვა კვლავ იმოქმედებს შაბათ-კვირას. ამასთან, ძალაში რჩება გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრთა მომსახურებისთვის სრულ მზადყოფნაშია. მათივე ინფორმაციით, უკვე ჩატარდა თბილისში მეტროსადგურების, მეტროს ვაგონებისა და ავტობუსების დეზინფექცია. ამასთან, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, აღნიშნული სადგური სამი თვის განმავლობაში მგზავრებს ვერ მოემსახურება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ არ გაჩერდებიან.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო (გამონაკლისია მხოლოდ მ/ს „გოცირიძე“) და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, დაიგეგმა მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექცია ჩაუტარდა, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩატარდება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებისთვის კვლავ იმოქმედებს შეზღუდვები. თბილისის მერიის ცნობით, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების ვალდებულება. ამასთან, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალულია.

„პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ამასთან, დღეიდან იკრძალება კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ე.წ. ბასლაინებზე. როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლაინებში გადაადგილების შემთხვევაში დაჯარიმდებიან.