ყველა კეთროვანებივით გვერიდებოდა, ჩელებაძემ კი ქობულეთში მიგვიღო - კიეველებმა ჩერნობილის ტრაგედია გაიხსენეს
ყველა კეთროვანებივით გვერიდებოდა, ჩელებაძემ კი ქობულეთში მიგვიღო - კიეველებმა ჩერნობილის ტრაგედია გაიხსენეს

კიევის „დინამოს“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ვლადიმერ ბესონოვმა 34 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარია და ქართველი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის დახმარება გაიხსენა.

„კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ყველაზე საშინელი ტექნოგენური კატასტროფის მეორე დღეს, 27 აპრილს, რადიაციის ეპიცენტრიდან მხოლოდ ას კილომეტრში, თითქოს არაფერი მომხდარა, კიევის „დინამომ“ სსრკ ჩემპიონატის მორიგი ტურში მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა. თამაშობდნენ სსრკ-ს ყველაზე ძლიერი გუნდები, რომელთა ფეხბურთელებიც (ძირითადად კიევის), საბჭოთა ნაკრების ლამის მთელ გუნდს წარმოადგენდნენ. კიევის რესპუბლიკური არენის ტრიბუნაზე პრინციპულ მატჩს თვალს 82 ათასი ადამიანი ადევნებდა“, – წერს გამოცემა „ჩემპიონატი“.

გამოცემამ ვლადიმერ ბესონოვის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელმაც ამ მატჩთან ერთად, რევაზ ჩელებაძის დახმარება გაიხსენა.

„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, ყველა ოჯახს და ახლობლებს კიევიდან რაც შეიძლება შორს ვუშვებდით. მე და ბალმა ოჯახები ქობულეთში რევაზ ჩელბაძესთან გავაგზავნეთ. გამოსხივებისგან თავის დაცვას წითელი ღვინოს სმით ვცდილობდით. ავარია აპრილის ბოლოს მოხდა. ამის შესახებ „სპარტაკთან“ მატჩის შემდეგ ავტობუსში შევიტყვე, როდესაც ლობანოვსკიმ თანაშემწეს უთხრა, „ჩერნობილში რეაქტორი აფეთქდა. საშიში არაფერია. ხანძარი ჩააქრეს, ორი ადამიანი გარდაიცვალა“. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რამდენად სერიოზული ამბავი მოხდა” – იხსენებს ბესონოვი.

კიეველთა ვეტერანის თქმით, ტრაგედიაზე გაცილებით მეტი საფრანგეთში გაიგეს – კიეველებმა 2 მაისს, ლიონში, თასების მფლობელთა თასის ფინალში მადრიდის „ატლეტიკო“ 3:0 დაამარცხეს.

ვლადიმერ ბესონოვი: „ჩერნობილში მომხდარზე გაცილებით მეტი რამდენიმე დღეში, საფრანგეთში შევიტყვეთ, სადაც თასების მფლობელთა თასის ფინალი გველოდა. იქ, ჩერნობილის შესახებ სიახლეებს ყველა არხზე ატრიალებდნენ. ჩვენ ისე გვერიდებოდნენ, როგორც კეთროვანებს, თქვენ ხომ დასხივებულები ხართო“.