ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელსაც განმეორებითი კვლევებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კლინიკიდან დღეს კარანტინის სივრცეში გადაიყვანენ
ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელსაც განმეორებითი კვლევებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კლინიკიდან დღეს კარანტინის სივრცეში გადაიყვანენ

ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკიდან დღეს გაწერენ და კარანტინის სივრცეში გადაიყვანენ, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ექიმს ახალი კორონავირუსი არც „პისიარ“ ტესტით და არც ლუგარის ლაბორატორიის განმეორებითი კვლევებით არ დაუდასტურდა.

თუმცა, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ექიმსა და მის შვილს ჩაღრმავებული კვლევები კვლავ ჩაუტარდება, რათა გაირკვეს, რა ტიპის ვირუსი გამოიკვეთება, რადგან ვირუსის სხვა მრავალი სახეობა არსებობს.

ხიზანიშვილის შეფასებით, ლუგარის სახელობის ლაბორატორია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია და მის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა გამორიცხულია. ამასთან, მისი თქმით, საზოგადოებაში კითხვები რომ არ დარჩეს, უნდა მოიძებნოს მიზეზი, რატომ მოხდა, რომ ექიმს პირველად ახალ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტით დადებითი შედეგი ჰქონდა, შემდეგ კი, ნეგატიური.

ამასთან, კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის 143 ნიმუში გაგზავნეს, თუმცა ინფექცია არც ერთის შემთხვევაში არ დადასტურდა. ასევე უარყოფითია 4 მაისს ჩატარებული 64 ტესტის პასუხი.

ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს ახალი კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, თუმცა განმეორებითი კვლევებით „კოვიდ-19“ არ დაუდასტირდა.

დატოვე კომენტარი