ყვარელში უეფა-ს მეორე კატეგორიის სტადიონი აშენდება
ყვარელში უეფა-ს მეორე კატეგორიის სტადიონი აშენდება

ყვარელში უეფა-ს მეორე კატეგორიის დონის სტადიონი აშენდება, რომელიც 2500 მაყურებელზეა გათვალისწინებული.

როგორც ჟურნალისტებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა განუცხადა, სტადიონი „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაფინანსებით აშენდება და მასზე სავარაუდოდ, 4-6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„უეფა-ს მეორე დონის კატეგორიის სტადიონი, რომელსაც „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ დააფინანსებს, ყვარლის ტბის და ედემის გზის მარჯვენა მხარეს აშენდება. აქ ადრე, 90-იან წლებშიც შენდებოდა სტადიონი, თუმცა სამწუხაროდ, ვერ დასრულდა. ტერიტორიას აქვს კარგი სადრენაჟე სისტემა და ბუნებრივი კლიმატური პირობები. ვფიქრობთ, საუკეთესო ადგილია მსგავსი დონის სტადიონის ასაშენებლად“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა .

სტადიონზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ტრიბუნები, საშხაპეები, გასახდელები მოეწყობა.

სესიაშვილის განცხადებით, სტადიონის პროექტირებაზე ,რომლის სატენდერო თანხა 170 ათასი ლარია, ტენდერი უკვე მიმდინარეობს. მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.