ყვარელში, სოფელ ახალსოფლის ტყეში მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ
ყვარელში, სოფელ ახალსოფლის ტყეში მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი მონაწილეობდა. დაღამების გამო, ვერტმფრენებმა მუშაობა დაასრულეს.

ამ დროისათვის, ადგილზე კვლავ რჩება ცოცხალი ძალა. როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან ჩასული მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი მთელი ღამის განმვალობაში ეცდება ხანძრის ლოკალიზებას. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, იგეგმება დამატებითი ძალების მობილიზება.

ადგილზე უკვე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც ღამის განმავლობაში იმუშავებს და ხანძრის ადგილამდე მისასვლელი გზის აღდგენას შეეცდება, რაც სპეციალური ტექნიკის ხანძრის კერამდე მაქსიმალურად მიახლოების საშუალებას მისცემს.

ადგილზე მოქმედებს საგანგებო შტაბიც, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებს ვერტმფრენები ხვალ დილიდან განაახლებენ.

სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს გუშინ გაუჩნდა.