ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია
ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, – ამის შესახებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული.

„გიდასტურებთ, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. შსს-ს თანამშრომლებმა გაანეიტრალეს და დააკავეს პირი, რომელიც იყო ბანკში და მძევლები ჰყავდა აყვანილი. ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით, დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით მოგახსენებთ“, – აღნიშნა ქეთევან კოვზიაშვილმა.

ტერიტორიაზე კვლავ იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 16:00 საათისთვის შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა. ბანკში მყოფი პირების ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო, ნაწილი კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენობაში რჩებოდა. მოგვიანებით შსს-მ დაადასტურა, რომ ყველა მძევალი თავისუფალი იყო და არც ერთი პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი გარკვეული რაოდენობის თანხას ითხოვდა.