ყვარელში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა
ყვარელში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

ყვარელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

უწყების ცნობით, ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ, ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მერ როსტომ სესიაშვილთან ერთად მოინახულა.

„საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 27 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს“, – ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.