ყვარელში კომპანია ”ქინძმარაულთან” თანამშრომლები აქციას მართავენ
ყვარელში კომპანია ”ქინძმარაულთან” თანამშრომლები აქციას მართავენ

ყვარელში, კომპანია „ქინძმარაულთან“ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე კომპანიის 100-ზე მეტი თანამშრომელია შეკრებილი, ისინი ექვსი თვის სახელფასო დავალიანების მიღებას ითხოვენ.

როგორც კომპანიის თანამშომლები აცხადებენ, “ქინძმარაულის” ხელმძღვანელობა სახელფასო დავალიანების გაცემაზე უარს აბსურდული მიზეზების გამო აცხადებს.

აქციის მონაწილეები სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრებიან.

„ჩვენ ახალსოფლიდან ვართ, ნაკვეთები, რომლებიც გვეკუთვნოდა 150, 200 და 300 ლარებში იმ მიზეზით მივყიდეთ მათ, რომ ჩვენ დავსაქმდებოდით, ასეც მოხდა, მაგრამ ნახევარი წლის წინ ბრიგადირები სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს და ხელფასების გაცემაზე უარი გვითხრეს. 18 წელია ამ მიწაზე ვმუშაობთ, არ გავჩერდებით, ვენახებში სხვას არავის შევუშვებთ, თუ ხელფასებს არ გადაგვიხდიან, რადგან ის ჩვენი გაშენებულია”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

კომპანია “ქინძმარაულის” წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.