ყვარელში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ყვარელში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი.ყ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ურთიერთშელაპარაკებისას თავისი ნაცნობი – 1982 წელს დაბადებული მ.პ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ი.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ყვარლის მუნიციპალიტეტში დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.