ყურბან-ბაირამისადმი მიძღვნილ ლოცვაზე დასასწრებად მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლისას შეიკრიბნენ
ყურბან-ბაირამისადმი მიძღვნილ ლოცვაზე დასასწრებად მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლისას შეიკრიბნენ

მუსლიმური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულისადმი მიძღვნილ საყოველთაო ლოცვაზე დასასწრებად მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში მზის ამოსვლისას შეიკრიბნენ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა.

სიმრავლის გამო, წელსაც მორწმუნეთა ნაწილმა რიტუალი მეჩეთის მიმდებარე ქუჩაზე შეასრულა.

ყურბან-ბაირამი რამადან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ეს არის მსხვერპლშეწირვის დღესასწაული. ამ დღეს ყველა მორწმუნე ვალდებულია, ალაჰს ოთხფეხა შინაური ცხოველი შესწიროს. შეწირული ცხოველის ხორცი რამდენიმე ოჯახზე თანაბრად ნაწილდება. თითოეული ოჯახი კი ხორცს სამ ნაწილად ჰყოფს. ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, ერთი უპოვრებს და იმ ადამიანებს უნდა გადაეცეს, რომლებსაც მსხვერპლად შესაწირი საქონლის შეძენის საშუალება არ აქვს, მესამე ნაწილი კი მეზობლებს და ნათესავებს, ასევე ოჯახიდან გათხოვილ გოგოებს უნდა გადაეცეთ.

ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების დღესასწაულია, ამ დღეს მორწმუნეები უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.