Youtube-ის შტაბბინაში ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილმა სავარაუდოდ თავი მოიკლა
სამართალდამცველების ინფორმაციით, Youtube-ის შტაბბინაში ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილმა ქალმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.
შემთხვევის შედეგად დაიჭრა ოთხი ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სან ბრუნოს პოლიციის უფროსმა ედ ბარბერინიმ მიაწოდა.
დანაშაულის მოტივი და მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ამჟამად პოლიცია შენობას ამოწმებს.
შეგახსენებთ, რომ კალიფორნიაში, კერძოდ სან ბრუნოში მდებარე Youtube-ის შტაბბინაში უცნობმა ქალმა სროლა დაიწყო. ადგილზე მისულმა პოლიციამ შენობიდან თანამშრომლები გაიყვანა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. მისი თქმით, ის ლოცულობს დაზარალებულებისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც ადგილზე დახმარების აღმოსაჩენად პირველი მივიდა.
„მე შემატყობინეს სან ბრუნოში სროლის შესახებ. ჩვენი ლოცვებით ახლა ამ ინციდენტში მონაწილეთა გვერდით ვართ. მადლობა ფენომენალურ სამართალდამცველებს და მათ, ვინც რთულ სიტუაციაში მყოფებს დახმარების ხელი პირველმა გაუწოდა” – დაწერა Twitter-ში ტრამპმა.