Youtube-მა „რაშა თუდეის“ ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა
Youtube-მა „რაშა თუდეის“ ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა

Youtube-მა Russia Today-ის ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ „რაშა თუდეის“ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

სიმონიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ორივე არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაიბლოკა.

„ეს არის ნამდვილი მედია ომი, რომელიც გერმანიამ რუსეთს გამოუცხადა“, – წერს სიმონიანი.

„რაშა თუდეის“ რედაქტორი წერს, რომ ელოდება იმ დღეს, როცა რუსეთი „დოიჩე ველეს“ და სხვა გერმანული არხების მაუწყებლობას აკრძალავს.

გავრცელებული ინფორმაციით, „რაშა თუდეის“ არხები „კოვიდ-19“-ის ირგვლივ დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკეს.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების საზედამხედველო ორგანო „იუთუბისგან“ „რაშა თუდეის“ გერმანული არხების დაუყონებლივ აღდგენას ითხოვს.

როსკომნადზორში აცხადებენ, რომ „რაშა თუდეის“ არხების დაბლოკვა ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევაა.