„როიტერი“ – ყოფილი უკრაინელი პატიმრები და ოფიციალური პირები რუსეთს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემურ წამებაში და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ყოფილმა უკრაინელმა პატიმრებმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში დაადანაშაულეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მათი თქმით, ტყვეებს იზოლაციაში ამყოფებდნენ, იყენებდნენ ელექტროშოკს და სექსუალურად ძალადობდნენ.
„როიტერის“ ცნობით, უკრაინის მოქალაქე ხუან ალბერტო ლევია გარსიამ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედი წევრია, განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაში გატარებული 1 183 დღის განმავლობაში სხვადასხვა გზით აწამებდნენ დ აძალადობდნენ.
„დიახ, მე მაწამებდნენ. ყველაფერი იყო, რამაც შეიძლება, ადამიანს ტკივილი მიაყენოს, დაამციროს და მისი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდეს. არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფიზიკური ძალადობა, ყოველდღიური ცემა, ელექტროშოკი, გადაჭარბებული, უკიდურესად მძიმე ვარჯიშები ყინვაში, როცა ტემპერატურა ნულზე დაბლაა, სექსუალური ძალადობა. ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთო იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად გატეხო. ეს ყველაფერი ჩემსა და ჩემი თანამებრძოლების უმეტესობის მიმართ გამოიყენეს“, – განაცხადა ხუან ალბერტო ლევია გარსიამ.
გარსიამ ასევე აღნიშნა, რომ მისი ორი მეგობარი დონეცკის ოლქის დაკავების ცენტრებში ცემით მოკლეს. გაერო-ს შეხვედრაზე მან ისაუბრა, რომ პატიმრებს „გადატვირთულ ყაზარმებში, სათანადო პირობების გარეშე“ ამყოფებდნენ, სადაც „თითქმის ყველა სამხედრო ტყვე დიზენტერიით იყო დაავადებული“, ბევრი კი შიმშილობდა. ამასთან, გარსიამ, რომელსაც კუბელი მამა ჰყავს, განაცხადა, რომ მცველები მას ლათინოამერიკული სახელის გამო ავიწოებდნენ და „დაქირავებულ მებრძოლობასა და ამერიკის ჯაშუშობას“ აბრალებდნენ.
ყირიმელი თათრების აქტივისტმა, ლენიე უმეროვამ, რომელიც 2024 წელს ტყვეების გაცვლის შედეგად გათავისუფლდა, განაცხადა, რომ მაშინ დააკავეს, როდესაც ყირიმში მძიმედ დაავადებულ მამასთან ჩასვლას ცდილობდა. მისი თქმით, ის, ჯამში, „დაკავების შვიდ დაწესებულებაში“ გადაიყვანეს, რასაც მან „რეპრესიების კარუსელი“ უწოდა.
უკრაინის მთავრობის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხთა საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა, ოლეგ გუშინმა განაცხადა, რომ უკრაინელ პატიმრებს დაკავების ადგილებში „კლავდნენ და აწამებდნენ“. მისი თქმით, კიევმა რუსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე „300-ზე მეტი დაკავების ადგილი“ გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ ტყვეების გაცვლის შედეგად 9000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა, უკრაინული მხარის ცნობით, ათასობით ადამიანი კვლავ რუსეთის ტყვეობაში რჩება.
10 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელიც უკრაინელი სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო პატიმრებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს მიეძღვნა.
მედიის ცნობით, გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ, მარია ზაბოლოცკაიამ ბრალდებებს „დეზინფორმაციის კამპანია“ უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფი რუსი სამხედრო ტყვეები ექვემდებარებიან „წამებას, დამცირებას და მორალურ და ფიზიკურ ძალადობას“.