ყოფილი თანაკლასელის დაჭრისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ყოფილი თანაკლასელის დაჭრისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გარდა ამისა, პროცესის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მას ბრალი დაუმძიმდა.

როგორც პროკურორმა თეონა გვაზავამ განაცხადა, დაკავებულს სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შეეცვალა.

თეონა გვაზავამ განმარტა, რომ მუხლის გადაკვალიფიცირების გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ საქმეში ახალი მტკიცებულებების გამო მიიღო.

პროკურორის ინფორმაციითვე, დაკავებული წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა საბრალდებო მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

2000 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

31 იანვრის ღამეს „წითელ ბაღში“ მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება მოზარდს არასრულწლოვანი ყოფილი თანაკლასელების დაჭრას ედავება.

საუბარია სამ მოზარდზე, რომელთაგანაც ორი მომხდარის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ერთი კი მსუბუქად დაშავდა.

როგორც დაკავებულის ადვოკატისგან ირკვევა, დაზიანება აქვს სახის არეში ბრალდებულსაც, თუმცა მსუბუქი სახის. დაკავებულს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.