ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, ა.ნ.-ს ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანებისა და ორი პირის მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 31 იანვარს,  თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. ‘’წითელ ბაღში’’, ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა მკვლელობის განზრახვით, ნ.ც.-სა და ი.ც.-ს გულ-მკერდის მარცხენა ნახევრის არეში, დანის დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები.

ბრალდებულის არასრულწლოვანების გამო, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დახურულ სასამართლო სხდომაზე იმსჯელა. მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პატიმრობის გამოყენებისათვის საკმარის საფუძველთა ერთობლიობა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 7 მარტს 16:00 საათზე გაიმართება“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.